ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით სპეციალური ეკიპაჟები შეიქმნება
საქართველოში, პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი შევიდა, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს.
კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და ძრავის უქმ სვლაზე 0.55% გახდება.
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით წელს დიდ ქალაქებში სპეციალური ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზებზე ამ მიმართულებით კონტროლს განახორციელებენ. ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ტექინსპექტირება გავლილი ავტომობილების კონტროლი ძირითადად ჭკვიანი კამერების იმედადაა დარჩენილი.