თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2023 წლის ბიუჯეტი მკვეთრად არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური გაჯანსაღების მიმართულებით უნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს – ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა განაცხადა.
დღეს წარმომადგენლობითმა ორგანომ თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2021 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 7 მილიონი ლარით აღემატება და 35 მილიონ 910 ათასი ლარით განისაზღვრა.
„თელავის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება, შესაბამისად ძალიან მალე დავინახავთ იმ შედეგს, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდება. 2022 წელს გარკვეულწილად იყო ხარვეზები, მაგრამ ეს საქმის კეთების დროს ბუნებრივია. სადაც არაფერი არ კეთდება, იქ ხარვეზებიც არ არის. მადლობა მინდა გადავუხადო თელავის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ანდრიაშვილს და მერიის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და კოორდინირებული ეფექტური მუშაობისთვის. ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ, რომ შესამჩნევი ცვლილებები განხორციელდეს თელავის მუნიციპალიტეტში, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მოსახლეობას მივულოცო დამდეგი ახალი წელი. ყველას გისურვებთ კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.
მთავარი საფინანსო დოკუმენტი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა წარადგინა. ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება და ასევე სოციალურ მიმართულებას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატება, რაც მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. თითქმის 8 მილიონი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა.
მთავარი პრიორიტეტული მიმართულბებია ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელი განათლება, ახალგაზრდობის მხარდაჭერა, კულტურისა და სპორტის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, დასუფთავება და გარემოს დაცვა.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კურსი დაფინანსდება.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 13 საკითხს დაუჭირეს მხარი.