სოფელ კარდენახში მცხოვრებ 72 წლის ციალა ბებოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებ 72 წლის ციალა აბელიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
მისი შვილის, ალიკა აბელიშვილის თქმით, ქალს არ აქვს ფეხები, ეტლის დახმარებით გადაადგილდება და მას ამისთვის განსაკუთრებული და საჭირო პირობების შექმნა სჭირდება. ალიკა ამბობს, რომ სახლი და ეზო, სადაც ისინი ცხოვრობენ, მოუწყობელია, არ არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ ციალა ბებომ სრულფასოვნად შეძლოს გადაადგილება. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აცხადებს, რომ თანხა მხოლოდ სახლის გასარემონტებლად და ეზოს მოსაწყობად სჭირდებათ, რათა მოხუცმა ეტლით ეზოში გასვლა მაინც მოახერხოს.
,,სახლი სადაც დედაჩემი ცხოვრობს, მოუწყობელია, არ გვაქვს ეზო ნორმალური და საცხოვრებლად არ არის შესაფერისი. ბინა იპოთეკით შევიძინეთ, მაგრამ პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს გაზი შეყვანილი, მეორე სართული შედარებით კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ, იქ დედაჩემი ვერ ავა. პირველი სართული გვაქვს გასაკეთებელი, დაბლა ოთახებია გასარემონტებელი. თუ ვინმე ამ კუთხით გინდ ფინანსურად, გინდ მასალით დაგვეხმარება, მადლობლები ვიქნებით. ამ დროისთვის არ გვაქვს იმის ფული, რომ ეს ჩვენით გავაკეთოთ’’,- განაცხადა ალიკა აბელიშვილმა.
ალიკა აცხადებს, რომ მოხუცი ეზოში ეტლით გაჭირვებით, მათი დახმარებით გადაადგილდება. მათი თქმით, იმისთვის, რომ ციალა ბებომ დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება, ოთახსა და ეზოში მინიმალური პირობების შექმნაა საჭირო.
,,ეტლი გადასაადგილებლად გვაქვს, მაგრამ ეზოა მოსაწყობი და თავისუფლად ვერ გადის. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, აქვს და ეს ერთადერთი შემოსავალია მისთვის. მეც უმუშევარი ვარ, მარტო ვერ ვტოვებ დედაჩემს. სამსახური კი, რაზეც ვიმუშავებდი ვერ ვიშოვე. ვთხოვთ ყველას დაგვეხმარონ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოსულები იყვნენ წარმომადგენლები, გაეცნენ მდგომარეობას, ჩაიწერეს ინფორმაცია და დაგვპირდნენ დახმარებას და იმას, რომ სამსახურის შოვნაში დამეხმარებიან’’,- განუცხადა Knews.ge-ს ალიკა აბელიშვილმა.
ციალა ბებო აცხადებს, რომ წლებია დიაბეტის გამო ორივე ფეხი მოკვეთეს. მისი თქმით, ამის შემდეგ ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ამ ყველაფერს კი სათანადო პირობების და ფინანსური შესაძლებლობის არარსებობა უფრო ამწვავებს.
,,მუხლებზე დაჩოქილი ვაკეთებ ყველაფერს. მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება, ძმის, მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს. ვერავინ მეხმარება, ჩემს გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ჩემი ბიჭი კი დიაბეტის გამო ვერ მუშაობს და საკუთარ ოჯახსაც ვერ ინახავს. ჩემი პენსია და სოციალური დახმარება არ მყოფნის. უმეტესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებში მიდის. ეს რა ცხოვრებაა’’,- აცხადებს ციალა ბებო.
ციალა ბებოს დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ knews.ge-ს რედაქციას, ან დაურეკოთ მის შვილს, ალიკა აბელიშვილს ნომერზე- 577667874.
ფოტო:სალო სამუშია