სოფელ ლამბალოში საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა მოსახლეობამ, საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიმართა.
ადგილობრივებმა, სამოქალაქო აქტივისტის, თოზუ გულმამედლის დახმარებით, ხელმოწერებიც შეაგროვეს და უწყებას მიმართეს. თოზუს განმარტებით, შეგროვდა 550 ადგილობრივის ხელმოწერა.
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის 27 საბავშვო ბაღი, აქედან იორმუღანლოს თემში ბაღი მხოლოდ სოფელ დუზაგრამაშია, სადაც 27 ბავშვი ეტევა. ეს კი ხდება მაშინ, როცა მოსახლეობის მესამედი ვართ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. იორმუღანლოს თემის 9 სოფელში, მხოლოდ ერთი ბაღია. ამიტომ ვითხოვთ სოფელში ბაღის გახსნას. ლამბალო არის ორი, ზემო და ქვემო, ზემო ლამბალო ავირჩიეთ იმიტომ, რომ ახლო მდებარე სოფლებიც ისარგებლებენ.
გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, კომპანია ,,სოკარი” აპირებს იორმუღანლოში ბაღის აშენებას და ის მხოლოდ იმ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის იქნება. სოფელ ლამბალოში კი ეს პრობლემა მაინც დარჩება. ამიტომაც ამ მოთხოვნით მოვაგროვეთ ხელმოწერები, მივაწოდეთ უწყებას და ველოდებით პასუხს”,- განუცხადა Knews.ge-ს თოზუ გულმამედლიმ.