რა ეტაპზეა საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალმომარაგების სამუშაოების 70% დასრულებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფელ მანავში 8 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
“ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 70% დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ადგილზე მოეწყობა ჭაბურღილები და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მანავის 4 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა სოფელი მანავისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ექვსი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად 2023-2024 წლებისათვის დასრულდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 48 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარე პროექტები ქალაქ საგარეჯოსა და მუნიციპალიტეტის ცხრა სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც საგარეჯოს 24 000-მდე ბენეფიციარი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.