როდის შეიქმნება სოციალურად დაუცველებისთვის ,,სურსათის ბანკი”
საქართველოში „სურსათის ბანკი“, რომელიც 2022 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მომავალი წლისთვის გადაიდო.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განუცხადა, კანონპროექტის ინიცირება წელს მოხდება, მისი მიღება კი საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „სურსათის ბანკის“ პროგრამაში მხოლოდ სუპერმარკეტები ჩაერთვებიან, „ჰორეკა“ სექტორი კი, რომელიც კანონპროექტის შემუშავების პირველ ეტაპზე განიხილებოდა, თავდაპირველად სისტემაში არ იქნება.
„როგორც ცნობილია, 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ ინტენსიურად მუშაობა სურსათის დონაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, იგივე სურსათის ბანკზე. სისტემა გულისხმობს კარგი ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავდროულად შევამციროთ სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მათ ამ კანონპროექტზე მუშაობა FAO-სთან ერთად დაიწყეს, უცხოელი ექსპრტების ჩართულობით. მისივე თქმით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა სურსათით დაკმაყოფილების იდეას, რადგან სტატუსის გარდა, ბევრი ადამიანია, ვისაც ამისი საჭიროება აქვს.
„ამ პროდუქციის სამართლიანად განაწილება, თავად საქველმოქმედო ორგანიზაციის პასუხისმგებლობა იქნება, კანონში ის არ გაიწერება. იყო ვარაუდი, ხომ არ შეგვეზღუდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ოჯახი და ადამიანია, ვისაც არ აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ ძალიან დაბალი ქულებით იყოს შეფასებული. ის შეიძლება საჭიროებდეს ამგვარ დახმარებას. ამიტომ არ გვინდა, რომ კონკრეტულად ჩაკეტოთ ეს წრე“,- განაცხადა წილოსანმა.
ცნობისათვის, მსოფლიოში საკვების ერთი-მესამედი არამიზნობრივად იხარჯება – საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ასეთი პროდუქტების რიცხვი შეერთებულ შტატებში 40%-მდეა, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად. თუმცა, განვითარებულმა ქვეყნებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებს დიდი ხანია მიაკვლიეს.