თელავის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან საუბრისას გარდა განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა, ყურადღება გაამახვილა სოციალურ პროგრამებზე, განათლების და ახალგაზრდული კუთხით განხორციელებულ აქტივობებსა და პროგრამებზე.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, მერიის საქმიანობის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, თუმცა ამავე დროს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია სოციალური დახმარებების ბიუჯეტიც. თელავის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2022 წელის დასაწყისში 28 302 000 ლარს შედგენდა, განხორციელებული ცვლილებების და მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ასახვით კი ბიუჯეტი საბოლოოდ განისაზღვრა 79 513 820 ლარით.
,,სწორედ წელს დაიწყო სოფლებში და ქალაქში გზების რეაბილიტაცია, ასევე ამ კუთხით კიდევ მიმდინარეობს პროექტები. მაგალითად, ამ დროისთვის, ალაზნის გამზირზე ხორციელდება სამუშაოები, წლის ბოლომდე მოხდება გზის სრული მოასფალტება, მომვალი წლის მინიმუმ 2 თვეში, დასრულდება საპარკინგე ადგილების, ავტობუსის თანამედროვე გაჩერებების მონტაჟი, რეკრეაციის და განათების მოწყობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს კავკასიონის ქუჩის მრავალბინიანი კორპუსებისა და თაყაიშვილის ქუჩის ეზოების მოწესრიგება. ამ კუთხით იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ წლის ბოლომდე მოწესრიგებული იქნება ქუჩის ეზოები. მომავალ წელს კი ვგეგმავთ სხვა ქუჩებზე ეზოების მოწესრიგებას. ასევე ქალაქსა და სოფლებში, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა წყალთან დაკავშირებით. განხორციელდა 7 ჭაბურღილის მოწყობა, ლალისყურში, ვარდისუბანში, ართანაში, გულგულაში, ბუშეტში, თეთრწყლებში და აკურაში. სოფელ კისისხევში მოეწო სასმელი წყლის საკმაოდ გრძელი, მაგისტრალური მილსადენის ახალი კვანძი. გარდა ამისა, ქალაქის ყველა რეკრეაციულ ზონას უკეთდება სარწყავი სისტემა, ინდივიდუალურად ეწყობა მცირე ზომის ჭაბურღილები და იმედია, რომ შემდეგი წლიდან აღარ გვექნება წყლის პრობლემა. გარდა ამისა, წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი სამუშაოების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემების მოწყობის კუთხით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა წელს”,-განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ! – იმ უპასუხისმგებლო შემსრულებლებს, ვინც სახელმწიფო დაკვეთით ასრულებენ სამუშაოებს, ვპირდები, არ გაუვათ გულგრილობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ, ყველას კანონის ფარგლებში უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი! არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში” და პირობას ვდებ მომავალში თუ მსგავსი შემთხვევები განმეორდა ეს სიაც და საჯარიმო სანქციებიც კიდევ უფრო გაიზრდება!“, – განაცხადა მერმა.
ანგარშის წარდგენისას, მერმა ასევე სოციალურ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება. მათ მიმდინარე პროგრამებსა და მასში მონაწილეთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა მნიშვნელოვანია.
,,თელავის მერია ახორციელებს 17 დასახელების სხვადასხვა პროექტს, რომლითაც წლის განმავლობაში ისარგებლა 7 465-მა ბენეფიციარმა. რათქმაუნდა ეს პროგრამები წლიდან წლამდე საჭიროებს განახლებას, მოდერნიზებას და გაცილებით მოქნილი პროგრამების მუშაობას. წლის განმავლობაში, სრულიად დაკმაყოფილდა 48 შშმ პირი შესაბამისი ზომის ეტლით, ახალშობილ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამიდან, 26 ოჯახს გადაეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება, 143-მა მრავალშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა შესაბამისი დახმარებით, რომელთა ოჯახში ყავთ 18 წლამდე ოთხი, ან მეტი ბავშვი. ასევე ელექტროენერგიის სუბსიდიის გადასახადით ისარგებლა 361-მა ადამიანმა. დღემდე ქირის პროგრამით სარგებლობს 158 ბენეფიციარი. 3 000-მა ოჯახმა ისარგებლა ზამთრის სეზონის დათბუნების შესაბამისი დახმარებით. გარდა ამისა, გადაუდებელი, დაგეგმილი ოპერაციის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის, თანადაფინანსების თანხა 1500-დან 2 000 ლარამდე გავზარდეთ. სწორედ ამით 640-მა ადამიანმა ისარგებლა წელს. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების განხოციელება მნიშვნელოვანია”,– განაცადა ლევან ანდრიაშვილმა საუბრისას.
მერის განცხადებით, წელს პირველად თელავის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ევროკავშირის დაფინანსებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.
„სწორედ ამ პროგრამით დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა ახალი მშვიდობის სკვერის მშენებლობა, თელავის კორტების და ნადიკვარის რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული სივრცე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ახალი ფეხბურთის მოედანი და სხვა“.
ადგილობრივის, ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილის თქმით, საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება და არსებულ პრობლემებზე საუბარი მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა და გააქტიურება. მისი თქმითვე, შეხვედრისას მოქალაქეების კითხვები თითქმის არ დასმულა, რადგან ისინი ნაკლებად აქტიურები არიან.
,,როგორც ბიუჯეტის საჯარო განხილვა, ასევე მერის საქმიანობის ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის განვითარებისთვის და სწორედ ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას. რაც შეეხება ანგარიშის წარდგენას, მართალია იყო დაგვიანებული, რადგან თვითმმართველობის კოდექსი შედარებით უფრო ადრე ითვალისწინებს ამას, მაგრამ მერმა განვლილი წლის ანგარიში სრულად ჩაგვაბარა. მან ისაუბრა როგორც გაკეთებულ საქმეებზე, ასევე აღნიშნა ის მტკივნეული ნაწილი, რისი გაკეთებაც უნდოდა და რა პრობლემებიც არის. ვფიქრობ რომ, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ვილაპარაკოთ არამხოლოდ რა გაკეთდა, არამედ ვისაუბროთ იმ პრობლემებზეც, რომელიც მუნიციპალიტეტში იყო და არის. სამწუხაროა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ამ შეხვედრაში და კითხვების დასმაში იყო ნაკლები”,- განაცხადა ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა.
თელავის სამხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, დავით მაისურაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა. მისივე თქმით, განხორციელებული საქმიანობების შესახებ საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება ხელს უწყობს საქმიანობის გამჭვირვალობას.
,,მოვისმინეთ თელავის მერის ანგარიში და განხორციელებული პროექტების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. მიხარია, რომ თელავში ხორციელდება პროექტები ევროკავშირის თანადაფინანსებით. მე როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოვყოფდი განხორციელებულ პროექტებს, რომელიც ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე უნდა განხორციელდეს და ითვალისწინებს სტადიონის რეაბილიტაციას და დასასვენებელი სივრცის მოწყობას”,- განაცხადა დავით მაისურაძემ.