„იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლის თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ლულის სიგრძე და იარაღის საერთო სიგრძე იქნება.
პროექტის თანახმად, კანონს შემდეგი ტერმინები ემატება:
• მოკლელულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ;
• გრძელლულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს.
ცვლილების თანახმად, ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღის, – შენახვისა და ტარების უფლებით.
კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღებისა) შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ითვლება იურიდიული ძალის არმქონედ. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისას პირი თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მოსაკრებლის და საფასურის გადახდისგან, ასევე შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან.
პროექტის თანახმად, იარაღის შეძენის ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელ ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, პირი ვალდებულია აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს მომსახურების სააგენტოში.
ამასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა გარკვეული ვადის განმავლობაში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.