ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს, პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია შეიქმნა
საქართველოს კანონი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 16 ნოემბერს მიიღო, 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის არის.
უწყების ცნობით, პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებასა და განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის დაფასებას.
„სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობი 13 273 ჰექტარს შეადგენს. ქვეყანაში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით პირველი VI კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსების ძირითად მიზანს საქართველოში რეინტროდუცირებული ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს.
სამუხის ველი მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან საბინადრო გარემოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. აღნიშნულ ადგილზე დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერებას, საკვანძო სახეობის დაცვას, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას და თუში მეცხვარეების ტრადიციების შენარჩუნებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნაზე მუშაობა 2019 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით დაიწყო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.