ვინ ისარგებლებს თელავის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის შეღავათით
2023 წლის 16 იანვრიდან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი ხდება. საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, გარდა უკვე განსაზღვრული კატეგორიებისა. გადასახადი ერთი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფასურის გადახდისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თიბისის ბარათი და ასევე, სატრანსპორტო ბარათი. მისი აღება მსურველებს თიბისის თელავის ფილიალსა და თელავში მდებარე „სპარის” და „დეილის” ქსელურ მარკეტებში. ბარათის აღება ფასიანია და 2 ლარი ღირს და მისი შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.
,,შეღავათით მოსარგებლე პირებს სატრანსპორტო ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია“, – აცხადებენ მერიაში.
მგზავრობის საფასურის 50%–იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ კატეგორიებს: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები.
სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით, თელავში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ გადახდა მხოლოდ ერთი ბანკის ბარათითაა შესაძლებელი.
,,მე არ მაქვს თიბისის ბარათი და რატომ არ შემიძლია გადავიხადო სხვა ბანკის ბარათით და რატომ უნდა მიწევდეს ზედმეტი ბარათის აღება? ბარათის ანგარიშიდან ყოველ თვე 2 ლარს გაჭრის ბანკი, მომსახურებისას. დამატებით მეორე ბანკის ბარათი უნდა შევიძინო და თვეში 4 ლარი უნდა ვიხადო რაში?“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო მაისურაძე.
სხვა ნაწილი გადახდის საფასურს აპროტესტებს და ამბობს, რომ იმ სოციალურ ფონზე, რომელიც მოქალაქეებს აქვთ, ძალიან მაღალია.
,,სირცხვილია, რომ ქალაქში, სადაც ხელფასები სამარცხვინოდ დაბალია მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თბილისზე მაღალი გადასახადია ტრანსპორტზე დაწესებული. ამ შემთხვევაში შეღავათს ვგულისხმობ. და ისედაც, 1 ლარი ზედმეტად დიდი თანხაა თელავის ხელფასების გათვალისწინებით;. თან იმის ფონზე, რომ ტრანსპორტის გრაფიკი სრულიად მოუწესრიგებელია ამდენხნიანი ფუნქციონირების მერეც კი“, – წერს სოციალურ ქსელში ხატია ძამუკაშვილი.
საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.