სტატიები

სამბისტი ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

28 წლის ელენე ქებაძე საქართველოში პირველი ქალია, რომელმაც სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. მან, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იასპარეზა.ქართველმა სპორტსმენმა სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანი დაამარცხა.
ელენე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთიდან არის. ამბობს, რომ ჭიდაობის ინტერესი ბავშვობიდან ქონდა. მასთან ბლიც–ინტერვიუ ჩავწერეთ.
– ელენე, მოგვიყევით რა ასაკიდან დაიწყეთ ვარჯიში და რატომ გაგიჩნდათ ინტერესი სპორტის ამ სახეობის მიმართ?
– ვარჯიში 11 წლის ასაკში დავიწყე ჩემს სოფელში. ჩემი ძმა დადიოდა ჭიდაობაზე და მეც შევედი. ჩემი ძმა ამბობდა რომ თუ ელენე ივლის, მე აღარ ვივლიო, მაგრამ მშობლები გვერდში დამიდგნენ და აქტიურად დავიწყე ვარჯიში ნელ–ნელა შევეჩვიე და ძალიან მიმიზიდა ამ სპორტმა. შემდეგ, მალევე იყო შეკრებები, შეჯიბრები და ისე მოხდა, რომ შემოვრჩი. ჩემს გარდა ვარჯიშზე სხვა გოგონებიც დადიოდნენ, მაგრამ მხოლოდ მე გავაგრძელე.
– მოგვიყევით თქვენს გამარჯვებებზე, რომელ წლებში რა შედეგებს მიაღწიეთ, რომელი იყო თქვენი პირველი სერიოზული გამარჯვება?
– სკოლა დავამთავრე სოფელში, იქვე ვვარჯიშობდი და უკვე ნაკრებში რომ მოვხვდი და შეკრებაზე წავედი, თბილისში გადასვლა და იქ ვარჯიში მომიწია. პირველად 2010 წელს მოვიგე ევროპის თასი, ანტალიაში. მოტივაციაც მეტი გამიჩნდა. შემდეგ იყო ბევრი შეჯიბრები, შეკრებები. გავიცანი და დავმეგობრდი მრავალ ადამიანთან. შემდეგ უკვე, 2010 წელს, მოვიგე ევროპის თასი, 2013 წელს, ახალგაზრდებში_ მსოფლიო ჩემპიონატი, 2014 წელს, ისევ ახალგაზრდებში, ევროპის ჩემპიონატი. 2015 წელს, მსფლიო ჩემპიონტზე, დიდებში, ავიღე მეორე ადგილი, 2018 წელს მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთში და წელს, უკვე მეორედ მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ყირგიზეთში.
– როგორი გრძნობაა შეჯიბრებში მონაწილეობა და გამარჯვებების სერია? არის თუ არა თქვენთვის მოტივაცია?
– ჩემთვის ყველა შეჯიბრი ახალი გამოწვევაა და ახალი მიზანია, ისტორია იწერება და ჩემი მიზანია მეტი მოგებული შეჯიბრი მქონდეს. მინდა, მომავალი თაობისთვის მაგალითი ვიყო.
– რომ არა სამბო, რას გააკეთებდით?
– ჩემი გეგმები სპორტის და ჩემი საქმის გარშემო ტრიალებს, სანამ ამ სპორტში ვარ სხვას ვერაფერს გავაკეთებ, რადგან, ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მრჩება. თუ მცირე დრო მაინც დავაკელი, შემდეგ შესაძლოა, შეჯიბრზე აისახოს, ამიტომ სრულად ვარ ორიენტირებული ჩემს ამჟამინდელ საქმეზე. ამ დრომდე პასუხი არ მაქვს სხვას რას გავაკეთებდი, რადგან 11 წლიდან ამ საქმეს ვარ შეჭიდებული. ისე გამიტაცა, რომ სხვა რამეზე არც მიფიქრია.
– რა გეგმები გაქვთ მომავალ წელს?
– ფედერაციაში მწვრთნელები ახალი წლიდან დაგგემავენ რა შეჯიბრში მივიღებთ მონაწილეობას და სად წავალთ. მე ვვარჯიშობ და ფორმაში ვარ ყველა შეჯიბრისთვის, იმისთვის, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო.