ინტერნეტ თაღლითობა- სოციალურ ქსელში, ყვარელში მცხოვრები ოჯახის სახელით, უკანონოდ, თანხას აგროვებენ
ყვარელში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ნაცვლიშვლების ოჯახი, სავარაუდოდ, ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლია.
ოჯახის დიასახლისი, 6 შვილის დედა მაია დოლმაზაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი, 7 წლის წინ გარდაცვლილი მისი შვილის ფოტოს, ოჯახის სახელს, სხვა ბავშვების ფოტოებს და მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.
მაია დოლმაზაშვილი აცხადებს, რომ მათ სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახელით და გვარით გავრცელებული ინფორმაცია იპოვეს, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახს დახმარება ესაჭიროება და წერს, რომ მათი ოჯახის ნათესავია და მათ დასახმარებლად თანხას აგროვებს.
,,1 წლის ნიკოლოზი, 7 წლის წინ, ლეიშმანიოზით გარდამეცვალა. მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენთან თანხმობით, ერთ-ერთმა ცენტრალურმა მედია გამოცემამ ჩვენი ფოტოები დაბეჭდა გაზეთში და დაწერა, რომ ამ ოჯახს დავეხმაროთო. მაშინ აღდგომა მოდიოდა. ამ ფოტოებში იყო ჩემი ნიკოლოზის ფოტო, რომელიც გარდაცვლილი იყო. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, ვიღაცამ აიღო ჩემი შვილების, მათ შორის ნიკოლოზის ფოტო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ დახმარება გვჭირდება. მას მითითებული აქვს ორი ანგარიშის ნომერი და ჩვენი სახელით, თანხას აგროვებს თაღლითური გზით. ამ პიროვნებას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. ნაცნობებს, ხალხს ატყუებს, რომ ჩვენთვის გროვდება თანხა. ვთხოვ ყველას, ყურადღებით იყვნენ და არ მოტყუვდნენ’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას მაია დოლმაზაშვილი.
მისი თქმით, facebook-ში რამდენიმე ექაუნთია შექმნილი, ეკა ცნობილაძის და ეკა ნაცვლიშვილის სახელებით, რომლებიც წერენ, რომ ოჯახის ახლობლები არიან, მათ დახმარება სჭირდებათ და აღნიშნულ საკითხზე დაწერილ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებენ.
,,სხვადასხვა სახელით არის გამოქვეყნებული პოსტები. ჩვენ შემთხვევით ვნახეთ პოსტი ამის შესახებ, ვიღაცას ჰქონდა გაზიარებული. ფოტო რომ ვიცანით და ამ პოსტზე გადავედით, მეორე სახელით წერდა მე ბავშვის ნათლია ვარო. არადა, ნიკოლოზი გარდაცვალებამდე საავადმყოფოში მამაომ მონათლა. ამ ორივე პიროვნებას, ბანკის სხვადასხვა ანგარიშის ნომერი ედოთ. შესაძლებელია, ეს ორივე ანგარიში ერთი ადამიანი იყოს და სხვადასხვა ანგარიში ჰქონდეს გახსნილი. მივწერეთ და ვუთხარით აეღო ჩვენ შესახებ დაწერილი ინფორმაცია და ფოტოები. წაშალა და ახალი ექაუნთი გააკეთა და იგივე პოსტი დადო. გარდა ამისა, ასეთი გვეერდია ,,ქართული გენი”, სადაც ეს პოსტი ედოთ, მათაც მივწერეთ, რომ აეღოთ ინფორმაცია და არ ესარგებლათ ბოროტად ჩვენი სახელით. აიღეს პოსტი და სხვაგან, სხვა ჯგუფში დადეს. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ გვეხმარებიან, სინამდვილეში კი არავინ დაგვკავშირებია. ვთხოვ ყველას, რომ არ ენდონ. ყველა პოსტის ავტორს მეც მივწერე, ჩემმა შვილმაც, რომ წაეშალათ, მაგრამ გვბლოკავენ’’,– განაცხადა მაია დოლმაზაშვილმა.
რა სამართლებრივი გზით შეიძლება ებრძოლოს ოჯახი აღნიშნულ პირებს, ამაზე knews.ge-მ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. საიას კახეთის სისხლის სამართლის ადვოკატი, შალვა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ფაქტი, შესაძლოა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ ოჯახმა შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართოს.
მისივე თქმით, ოჯახს შეუძლია საია-ს მიმართოს და ისინი როგორც განცხადების დაწერაში, ასევე სამართლებრივი კუთხითაც დაეხმარებიან.
,,ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, ამას პროკურატურა წყვეტს. ეს ფაქტი, ასევე შეიცავს თაღლითობის ნიშნებს. აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულთან, თუმცა, შეგროვილი თანხიდან და ოჯახისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, ასევე იყოს მძიმე დანაშაული და უფრო მეტიც, თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებდეს. აქედან გამომდინარე, ფაქტი და ქმედება არ არის კანონიერი და ოჯახმა უნდა მიმართოს პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს ამ საქმეზე ძიება. ოჯახმა შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ უნებართვოდ იყენებენ გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს და ამით ზიანდება ეს ოჯახი. გარდა ამისა, მათ ასევე შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენც, მოვამზადებთ განცხადებას და დავეხმარებით მათ, რომ პროკურატურაში შეიტანონ. სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა კუთხით. ზოგადად, როცა ანგარიშის ნომერია მითითებული ბანკის, ძალიან მარტივია ადამიანის იდენტიფიცირება, რადგან ბანკში პირადობის გარეშე ვერ გახსნიდა ანგარიშს. იქ იქნება სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც დგს ამ საკითხის უკან’’,- განუცხადა knews.ge-ს შალვა ჯავახიშვილმა.
ოჯახმა ასევე knews.ge-ს, მათ შესახებ უკანონოდ გავრცელებული პოსტების სქრინები მიაწოდა: