თელავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თელავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თელავის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობაა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.