ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაიცანით ხელოვანი ნინო სიდამონიძე თელავიდან

პედაგოგი, ხელოვანი და კერამიკოსი ნინო სიდამონიძე ქალაქ თელავში დაიბადა, დაამთავრა მე- 4 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

ნინო კერამიკის ნივთების გაკეთებით წლებია დაინტერესებულია. გარდა ამისა, ის პარალელურად მუშაობს ქალაქ თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად კი მაინც ახერხებს დრო საყვარელ საქმეს დაუთმოს. მისი თქმით, თავდაპირველად ხატავდა, შემდეგ დაინტერესდა დიზაინით. ამჟამად კი ცდილობს ძალები ქართულ კერამიკაში მოსინჯოს. ის სხვადასხვა სახის ნაკეთობებს ქმნის.

,,10 წელია რაც ხელოვნებაში ვარ. ბოლო 3 წელი კი თიხით ვმუშაობ, რომელსაც თვითონ მოვიპოვებ თელავის ტყეში, მომაქვს, ვამუშავებ და ვქმნი სხვადასხვა სახის სამკაულებს. ვამზადებ სხვადასხვა ნივთებს, როგორიც არის სამკაულები, აქსესუარები, ჭურჭელი და სხვა. ყველა ნივთს ჩემი დიზაინით და დიდი სიყვარულით ვქმნი. სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შექმნილმა ნივთებმა მომხმარებლის გულები მოიგოს”,– აცხადებს ნინო Knews.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, აუცილებელია ქართული თიხის განვითარება და ზოგადად ამ დარგის გაძლიერება მოხდეს. ნინო ამბობს, რომ ამას ქართველი კერამიკოსებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,ქართული თიხა მარტო ფიალა, დოქი ან კეცი არ არის. მინდა რომ ის სხვანაირ ხედვაში წარმოვადგინო.უფრო მეტად დავაინტერესო, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები”.

ნინო ასევე განმარტავს, რომ ნივთების შეძენა ან შეკვეთა მსურველებს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლიათ.

,,მე მთელი სული და გული მაქვს ჩაქსოვილი ამ ნაკეთობებში. გვაქვს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს ნივთი, რაც მას სურს. ჩემი მთავარი მიზანია ქართულ თიხას გავუკეთო პოპულარიზაცია”.