ახალი ამბები

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი განხორციელდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.

დღეს გამართულ სხდომაზე, მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლითაც მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა მოძრაობასთან – „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები შემდეგ ნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით;

კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის ივნისიდან იგეგმება. აღნიშნულ პერიოდამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიძენს სპეციალურ, თანამედროვე გამზომ აპარატურასა და შესაბამის მოწყობილობებს, ასევე მოხდება სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომელთა გადამზადება, რათა გზებზე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი ეფექტიანად განხორციელდეს. კანონპროექტი, უახლოეს პერიოდში, წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში.