სოფელ ლაფანყურში ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის განთავსება დაიწყეს.
მოსახლეობა გზის გადაკეტვით ცდილობდა ხელის შეშლას, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ სოფლის შესასვლელში კომპანიის ტექნიკა იმ პირობით განათავსეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების დასრულებამდე ხეობაში ტექნიკას არ შეიტანენ.
სოფელ ლაფანყურში, იქ, სადაც მოსახლეობა დილიდან ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციას მართავდა, კარვები დადგეს და ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობას აპირებენ.
თავის მხრივ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა აქვთ და ჰესის მშენებლობას უახლოს პერიოდში დაიწყებენ. მათივე თქმით, მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და ჰესის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.