ოქტომბერში საქართველოს საზღვარი 133 640-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 152 552-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.
უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.
მხოლოდ ოქტომბერში საქართველოში რუსეთის 133 640 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 294%-ით აღემატება.
მარტი-ოქტომბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:
მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე;
აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე;
მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე;
ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე;
ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე;
აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე;
სექტემბერი – 222 274 რუსეთის მოქალაქე;
ოქტომბერი – 133 640 რუსეთის მოქალაქე.
აპრილი-ოქტომბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. ოქტომბერში მეორე პოზიციაზე იყო სომხეთი, შემდეგ მოდიოდა თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
2022 წლის ოქტომბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 468 969-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი – ქართველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოქტომბერში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.