ახალი ამბები

კვლევა- საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობით იტანჯება

საქართველოში სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება, ხანდაზმული მოსახლეობის 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ – ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა.

კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იყო ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ რისკ-ფაქტორის შესამცირებლად.

კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს – მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები. მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.

„კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა რომელიც უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც მაგალითად: თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა. სამწუხაროდ, ეს რისკ-ფაქტორი კარგად გაცნობიერებული არ არის და ძალიან მცირეა ძალისხმევა იქითკეთ მიმართული, რომ ეს რისკ-ფაქტორი შემცირდეს.

აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ხანდაზმულებში ეს რისკ-ფაქტორები, ემოციური მარტოობის შეგრძნება 52%-ში აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდზე ისეთი სოციალური ქსელები და კავშირები, ვისთანაც ისინი ინტერესებს გაიზიარებენ. აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.

მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზოგადოდ ხანდაზმულების უფლებებზე და კეთილდღეობაზე მიმართული იქნება. კვლევის მიხედვით, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: სოციალური კავშირების ნაკლებობა,ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე, სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება ”,– განაცხადა ბაქრაძემ.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება.

„ხანდაზმულთა მხარდამჭერთა ქსელი უნდა გაიზარდოს, იმ ადამიანების მექანიკური ზრდა არ უნდა იყოს, რომლებიც უბრალოდ აკითხავენ ხანდაზმულებს ან მათთან ფორმალურ ურთიერთობაში შედიან, არამედ ეს უნდა იყოს ისეთი ქსელის შექმნა, სადაც ადამიანები ხანდაზმულებს უსმენენ და მათ შთაბეჭდილებებს უზიარებენ”, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ.