ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

ევროკომისია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შესახებ რიგით მეხუთე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მოხსენება საქართველოზეცაა მომზადებული.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო უმეტესწილად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თუმცა ისევ რჩება რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლებზეც მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

ევროკომისიის რეკომენდაციები:

1. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს EU-ს სავიზო პოლიტიკასთან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთან მიმართებით ევროკავშირი ვიზას მოითხოვს. სავიზო რეჟიმის გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც მიგრაციისა და უსაფრთხოების მაღალ რისკებს შეიცავენ ევროკავშირისთვის.

2. უნდა გაგრძელდეს თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განცხადებების განხილვა, გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

3. კორუფციის დასაძლევად უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს ძალისხმევა, გარანტირებული უნდა იქნეს ანტიკორუფციული სამსახურების დამოუკიდებლობა, კოორდინაცია და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.

4. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესების მიმართულებით უნდა დასრულდეს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობების შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

5. უნდა გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით იმ დაჯგუფებების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

6. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. მიღებული უნდა იქნეს კანონმდებლობა, რომელიც შეაფასებს სასამართლოს საქმიანობასა და მოსამართლეების კეთილსინდისიერებას.

7. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მონაცემთა დაცვის სამსახურის სრული დამოუკიდებლობა.