“ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება”
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების ინიცირებას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და სადეკრეტო შვებულების დახმარებას ეხება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძის განმარტებით, ცვლილება შედის 39-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
ვლადიმერ კახაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულების დამატებით ანაზღაურებაზე.