ახალი ამბები

რას ყიდის საქართველო ევროპაში? რვა წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან

2014 წელს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით ექსპორტზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა.

პარალელურად, დაახლოებით ამავე პერიოდში რუსეთმა სრულად მოუხსნა ემბარგო ქართულ პროდუქციას და საქართველომ რუსეთში ემბარგომდელი პოზიციები მეტ-ნაკლებად აღიდგინა. ასევე, ამავე პერიოდში საქართველომ ახალი – ჩინური ბაზრის ათვისება დაიწყო. ჩინეთში შესაძლებლობის ახალი ფანჯარა გაიხსნა.

ამ რვა წლის განმავლობაში თანხობრივად, ევროპულ გაერთიანებაში ექსპორტი გაიზარდა, თუმცა არა ნახტომისებურად, როგორც იყო მოლოდინი ევროკავშირის ბაზრის გახსნის შემდეგ. მეტიც, 2021-2022 წლებში წილობრივი კლებაც კი დაფიქსირდა.

2007 წელს საქართველომ ევროკავშირში 269 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა; ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინა წელს – 2013 წელს – 607 მლნ დოლარის; ხელშეკრულების გაფორმებიდან, რვა წლის განმავლობაში, ევროკავშირში ექსპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა 2019 წელს – 835 მლნ დოლარის პროდუქცია; 2020-21 წლებში ექსპორტი დაახლოებით 700 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული

2022 წელს, ექსპორტმა კვლავ მოიმატა – იანვარ-სექტემბრის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროკავშირში ექსპორტი მიმდინარე წელს 837 მლნ-ს მიაღწევს, რაც რვა წლის რეკორდი იქნება.

თუ შესადარებლად 2013 და 2019 წლებს ავიღებთ, აღმოვაჩენთ, რომ მართალია ექსპორტი თანხობრივად გაიზარდა – 607 მლნ დოლარიდან 835 მლნ დოლარამდე, თუმცა წილობრივი ზრდა უმნიშვნელო იყო – 20.9 პროცენტიდან 22 პროცენტამდე. ანუ, საერთო ექსპორტში ევროკავშირის წილი დიდად არ გაზრდილა.

ვრცლად ამ საკითხზე მასალა ნახეთ:

რას ყიდის საქართველო ევროპაში? რვა წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან