4000-ლარიანი გრანტი საქართველოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გადაეცემა
დევნილთა სააგენტოს თანახმად, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს, მათ შორის კახეთშიც, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.
გრანტი მაქსიმუმ 4 000 ლარია და გრანტის სახით მოქალაქეები იღებენ ტექნიკას ან ხელსაწყოებს.
პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.