თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება, შესაძლოა, 2 წლით გადავადდეს
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმები, შესაძლოა, 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდეს.
ცვლილებას “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლბათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ისკო დასენმა განაცხადა, კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა, აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს”, – განაცხადა ისკო დასენმა.