ახალი ამბები

გაიცანით სამხედრო მფრინავი ეკა ქვლივიძე საგარეჯოდან

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, ეკა ქვლივიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია. მას აღნიშნული პროფესიის ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ კი საავიაციო უნივერსიტეტში ჩააბარა და მფრინავი გახდა.

ეკა ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, 2007 წლიდან 2018 წლამდე მსახურობდა სამხედრო ავიაციაში, როგორც სამხედრო მფრინავი, შემდგომ კი სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა და საავიაციო უნივერსიტეტში ინსტრუქტორის და ლექტორის სტატუსით დაბრუნდა.

გთავაზობთ ეკა ქვლივიძესთან ინტერვიუს, რომელიც knews.ge-მ ჩაწერა.

მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა იყო თქვენი ინტერესის სფერო ბავშვობიდან და რას აკეთებდით აქამდე?

დავიბადე 1986 წლის 11 ივლისს. გავიზარდე საგარეჯოში. როგორც გარშემომყოფები მიხსენებენ, განსხვავებული, „სხვა“ ინტერესების მქონე და თან გამოკვეთილი ხასიათის მქონე ბავშვი ვიყავი. მე რაც მახსოვს მიყვარდა კითხვა, საკუთარი შესაძლებლობების სხვადასხვა ველზე მოსინჯვა, სიახლეების ძიება. ეს დღემდე შემომრჩა.

რატომ გადაწყვიტეთ მფრინავი გამხდარიყავით, როგორ მიაღწიეთ ამას, რა გზა გაიარეთ აქამდე და რა იყო თქვენთვის ხელის შემშლელი ან ხელისშემწყობი ფაქტორები?

დაახლოებით მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა ვიცოდი, რომ ფორმას ჩავიცმევი. მიმაჩნდა და დღემდე ასე ვფიქრობ, იმაზე ღისეულს ვერაფერს გააკეთებ ადამიანი ვიდრე შენი ქვეყნის წინაშე სამსახურია. უზომოდ მომწონდა ფორმიანი, მუნდირიანი ადამიანები და მინდოდა ამ ყველაფრის თანამონაწილე ვყოფილიყავი.
ვინაიდან ჩემი ბავშვობა ბნელ 90–იან წლებთან არის დაკავშირებული, არათუ პროფესიის არჩევა, ინფორმაციის მოძიება, საზღვარგარეთ სწავლა, მერე იქ მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება კი არა ფერადი სასაკოლო წიგნებიც კი დიდი ფუფუნება იყო.

იმ წლებში დედა აეროპორტში მუშაობდა, ჩემი ოცნების მხარდაჭერის მიზნით ჩემთვის მოჰქონდა სხვადასხვა კომპანიის ჟურნალები და მწირი ინფორმაცია საჰაერო ხომალდებზე ამ გზით მოვიპოვე. დღემდე მაქვს შენახული ამოჭრილი თვითმფრინავებით გაკეთებული ალბომი, ჩემი პირადი საჰაერო ხომალდების პარკი. დაახლეობით 15–16 წლის ვიქნებოდი, როდესაც ვნახე თავდაცვის აკადემიის ფლაერი, სადაც ჩამოთვლილი იყოს ის შესაძლო პროფესიები, რომელსაც დავეუფლებოდი აკადემიაში. მათ შორის იყო საავიაციო მიმართულება. აქ მივხვდი რომ ზუსტად სამხედრო ავიაცია იყო ის გზა, რომელსაც უნდა შევდგომოდი, ამ შემთხვევაში შევძლებდი ორივე ოცნების ახდენას: ფორმასაც ჩავიცმევდი და ვიფრენდი კიდეც.

როგორი იყო მაშინდელი საზოგადოებრივი მენტალიტეტი?

მაშინდელი საზოგადოებრივი მენტალიტეტი უკიდეგანოდ მკაცრ ჩარჩოებში იჯდა, იმ დროს ყველა ჩემი თანატოლი ან სამედიცინოზე აბარებდა ან იურიდიულზე. სკოლა ისე დავამთავრე ჩემი მიზნის შესახებ მხოლოდ ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ.

მთელი ჩემი კარიერის მანძილზე გზად შეხვედრილ სტერეოტიპებთან ბრძოლაში ზუსტად ეს შრომა, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი და ყველაზე კარგი იარაღი – განათლება მეხმარეობოდა. ვინაიდან თავდაცვის აკადემიას არ ჰქონდა იმ წლებში გოგონებისთვის მიღება გამოცხადებული, მთელი რიგი როგორც ინფრასტრუქტურული ისე სხვა საკითხების გამო, ჩავაბარე სამოქალაქო მიმართულებით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ოღონდ აქაც საინჟინრო განხრით, რადგან საფრენოსნოზე გოგონებს არ იღებდნენ. ავირიჩიე ზუსტად ის ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც ყველაზე ახლოდ იყო მფრინავის სამუშაო სივრცესთან, „საჰაერო ხომალდების სავიაციო მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია.“ ეს არ იყო ადვილი რადგან ერთი გოგო ვიყავი მთელს ფაკულტეტზე. ყველა ფიქრობდა, რომ პირველივე სემესტრში მოვახდენდი მობილობას და შევიცვლიდი არჩევანს. იმდენად ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, რომ პირველი სემესტრი ბოინგის აკადემიის სტიპენდიანტის სტატუსით დავამთავრე. მეოთხე კურსზე თავდაცვის სამინისიტრომ გამოაცხადა მიღება საჰაერო ძალებში და ეს იყო ჩემთვის ღია კარი ჩემი ოცნების ასახდენად.2007 წლიდან 2018 წლამდე ვმსახურობდი სამხედრო ავიაციაში, როგორც სამხედრო მფრინავი. შემდგომ გადავინაცვლე სამოქალაქო ავიაციაში, იმავე უნივერსიტეტში დავბრუნდი საიდანაც დავიწყე, ოღონდ უკვე ინსტრუქტორის და ლექტორის სტატუსით.

როგორ ფიქრობთ რამდენად რთული პროფესიაა მფრინავობა და რას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება მუშაობისას?

ყველა განვითარებულ ქვეყანაში მფრინავის პროფესია ელიტური სპეციალობაა და განსაკუთრებულ მოთხოვნებთან ასოცირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გონებრივ შესაძლებლობებს, განათლებას, ფიზიკურ ჯანმრთელობას და ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორიცაა სიტუაციაზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირება, გადაწყეტილების მიღების უნარი, კონტროლი და მართვა და ა.შ.

ახლა რას საქმიანობთ?

ამ ეტაპზე ჩემი ოპოზიციური პოლიტიკური და კრიტიკული განწყობიდან გამომდინარე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქტიური საფრენოსნო რეჟიმიდან მომიწია პასიურში გადასვლა. 2020 წლიდან აქტიურად ვიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული. სამწუხაროდ ოპოზიციური განწყობა, სიმართლის ხმამაღლა და მკვეთრად ლაპარაკი, განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლება ის გზაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის მიღებული ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ეტაპზე კვალიფიკაციას ვინარჩუნებ და ველოდები, როდის გაჩნდება როგორც ხელისუფლებაში ისე საზოგადოებაში იმის ინტერესი და სურვილი, რომ ქვეყანაში გვყავდეს შესაბამისი სამხედრო, სამოქალაქო, სასაოფლო–სამეურნეო, შიდა სამგზავრო ფრენების განმახორცილებელი, შიდა სატვირთო, სამოყვარულო, აკორბატული, საპარაშუტო თუ სხვა სახის ავიაცია.