ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალთან ახლოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნება.

„ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, ორი კანონპროექტი მომზადდა, რომლებზეც პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ჯამში 13 ათასს ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში და მისი მონაწილეობით ქვეყნის მასშტაბით არაერთი დაცული ტერიტორია დაარსდა. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.