შშმ პირებისთვის და ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის მოცულობა გაიზრდება
საკანონმდებლო ორგანო „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობის განსაზღვრა ყოველწლიური ინდექსაციით უნდა მოხდეს.
ახალი ინიციატივით ამ კატეგორიის პირთა სოციალური დახმარების პაკეტი აღარ იქნება დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 000 პირს, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 419 ლარამდე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სოციალური პაკეტის გაანგარიშების ახალი ფორმულა ასეთი იქნება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით;
– ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი სოციალური პაკეტის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.