ახალი ამბები

პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდაზე მუშაობს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება იზრდება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი ზარქუამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებისთვის მიზანშეწონილია, იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყოს დამოუკიდებელი.

მისი თქმით, ინიციატივის ძირითადი საფუძველიც არის ის, რომ მუნიციპალიტეტმა მისი კომპეტენცია ყოველგვარი ბარიერის გარეშე განახორციელოს.

„მუნიციპალიტეტს ექნება უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკისროს პირს სახდელი, რის შედეგადაც მოხდება მყისიერი და ეფექტური რეაგირება სამართალდარღვევაზე. ცვლილების განხორციელების შედეგად, მოწესრიგდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი სახდელის გამოყენების საკითხი, აგრეთვე განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კანონპროექტით, სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია შემოიფარგლება მხოლოდ დამრღვევი სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით. შემდგომი რეაგირების მიზნით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად საქალაქო სასამართლოში გაიგზავნება.