კომპანია „ნასამხრალი“ ღვინოებს მოხატულ ბოთლებში აწარმოებს
ქართული ღვინის სექტორს კიდევ ერთი კომპანია შეემატა. „ნასამხრალი“ ბაზარზე 2-3 თვეა გამოჩნდა და ის ღვინოს მოხატულ ბოთლებში აწარმოებს.
ამ ეტაპზე, ახალი ბრენდი 3 სახეობის ღვინოს უშვებს, ესენია: ქისი, ხიხვი და საფერავი. „ნასამხრალმა“ საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებას პირველად 9 ოქტომბერს, თელავში, ფესტივალ „ღვინის დღეები საქართველოში“-ს ფარგლებში წარუდგინა.
„ღვინის ფესტივალზე პირველად წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები (მოხატული ღვინოები QR კოდით) როგორც აღმოჩნდა ხალხში დიდი აღტაცება და აღიარება მოიპოვა რაც შემდგომში ნიდერლანდების ელჩმა პოსტით გამოხატა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. სულ ორი თვეა რაც იდეაზე ვმუშაობთ და ჯერ კიდევ პროცესში ადამიანებისგან დიდ ემოციებს ვიღებთ.
ამ დროისთვის გვაქვს მოხატული ღვინოები, რითაც ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც ქართულ ღვინოს, ისე ქართულ ისტორიას და მაქსიმალურად გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ჩვენს ღვინოზე მოხატულია როგორც წარჩინებული, ბუმბერაზი ქართველები, ასევე ამ ცნობილი ადამიანების ნამუშევრებიც. ღვინის ბოთლზე დატანილია QR კოდი სხვადასხვა ენაზე. ამ QR კოდში კი ისტორიებია მოთხრობილი და ნებისმიერი მყიდველი შეძლებს, რომ ქართულ ისტორიასა და კულტურას გაეცნოს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრა წიკლაურმა.