53 წელი სცენაზე-თელავის საპატიო მოქალაქე თემურ ხუნაშვილი
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, თელავის საპატიო მოქალაქე და მრავალი ჯილდოს მფლობელი, თემურ ხუნაშვილი, 53 წელია სცენაზეა და მაყურებელს სხვადასსხვა როლების თამაშით ახარებს და ამახსოვრებს თავს.
ის 20 წლის ავიდა სცენაზე და დღემდე თეატრია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ის ამბობს, რომ მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
,,53 წელია თელავის თეატრში ვარ. 1966 წელს, როდესაც მეათე და მეტერთმეტე კლასმა ერთად დავამთავრეთ სწავლა, გაორმაგებულ კონკურსში მოვხვდი 250 განცხადებაში, 20 აბიტურიენტს შორის და დავიწყე თეატრალურზე სწავლა. 1970 წელს დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
სწავლის დასრულებისთანავე, 20 წლის ჭაბუკი მიმიწვიეს თელავის თეატრში, მაშინდელმა თეატრის და ქალაქის ხელმძღვანელობამ, და მას შემდეგ 53 წელი და ამდენივე სეზონია აქ ვარ.
თელავის თეატრი ჩემთვის არის აბსოლიტურად ყველაფერი, ჩემი ცხოვრება, ის რასაც მთელი ბავშვობა ვვოცნებობდი. სულ მინდოდა მსახიობობა და გავხდი კიდევაც. იყო ძალიან ბევრი სიხარულები, პატარა გულისტეკენებიც, როგორც ცხოვრებაში ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ისმ 150 როლი, რომელიც მე შევასრულე, მთლიანად არის ჩემი ყოფის არსი”,- განუცხადა Knews.ge-ს თემურ ხუნაშვილმა.
თემურ ხუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ასმაგად საამაყოა ამიერკავკასიაში ერთ-ერთ უძველეს და ისტორიით გამორჩეულ თეატრში ყოფნა. მისი თქმით, თელავის თეატრის ფესვები ერეკლე მეფის დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება.
,,მე ჩემი ბედის კმაყოფილი ვარ, რომ ღმეთმა მომცა საშუალება, მემუშავა მსოფლიოში ერთ-ერთ მაგარ და ძლიერ თეატრში. თელავის თეატრი არის რეგიონში და ამიერკავკასიაში ყველაზე ძველი თეატრი. ის 262 წლის არის და აქედან 53 წელი ჩემია, რაც აქ გავატარე.
ერეკლე მეფის კარიდან მოდის ჩვენი ფესვები და მას შემდეგ ძალიან საოცარი თაობები აგრძელებდნენ ამ გზას. ამ თეატრში მოღვაწეობდა შესანიშნავი მსახიობების მთელი პლეადა, მათ მიგვიღეს როგორც საკუთარი შვილები. დღეს ჩვენ ვართ უფროსი თაობა და გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, რომლებიც აგრძელებენ ამ გზას. ამდენი როლიდან ჩემთვის გამორჩეულია ჩემი მონოსპექტაკლები- ,,ლამაზი ცრემლები”, ,,მოგვთა საჩუქარი” და სხვა. ასევე, ბავშვობაში ჭინჭრაქა მაქვს ნათამაშები და ესეც სასიამოვნოდ მახსოვს. რა ჩამოთვლის იმდენ როლებს რაც მითამაშია, ჩემთვის ყველა ძვირფასია”,- აცხადებს მსახიობი.
სხვა ბევრ დამსახურებებთან და ჯილდოებთან ერთად, თემურ ხუნაშვილი წელს თელავის საპატიო მოქალაქე გახდა. მისი თქმით, ეს მისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდოა.
,,მე რეგალიები და დამსახურებები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო თუ რამე მიმიღია, არის ჩემი საყვარელი ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება. ამისთვის დიდი მადლობა ყველას.”