ახალი ამბები

საპატიო თელაველი ლიანა ლოლაძე- ყოფილი პედაგოგი, მეეზოვე

პანდემიის გამო ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, წელს თელავში ,,ერეკლეობა” სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასასრულს კი 11 საპატიო მოქალაქე დასახელდა, რომლებიც როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საკუთარი ღვაწლის და თელავისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებით გამოირჩნენ.

სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საპატიო თელაველის წოდება, ყოფილმა პედაგოგმა, ლიანა ლოლაძემ მიიღო, რომელიც წლებია თელავის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს. ის ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია.

,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ სტატუსის მონიჭება, ძალიან გამიხარდა. ადრე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1965 წლიდან 1999 წლამდე სკოლაში ვასწავლიდი მათემატიკას. შემდეგ ცოტა ხნით ვიყავი უმუშევარი, რომ წამოვედი სკოლიდან და რამდენიმე წელში დავიწყე მუშაობა თელავის კეთილმოწყობის სამსახურში მეეზოვედ. ვარ 85 წლის და დღემდე აქ ვმუშაობ. თელავი ჩემთვის არის უსაყვარლესი ქალაქი. მე რომ თელავის მიმართ ასეთი სიყვარული არ მქონდეს , აქ არ ვიმუშავებდი. მე მინდა ჩემი ყველა შესაძლებლობა ამ ქალაქს მოვახმარო და მას ვემსახურო. სულ შრომაში გავატარე ჩემი ცხოვრება და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ახლაც ასეა. მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და საჭირო ხალხისთვის. მყავს 3 შვილი, ყველა დაოჯახებულია და მიხარია, რომ ისინიც ამ ქვეყანას ემსახურებიან”,- განაცხადა ლიანა ლოლაძემ.