ახალი ამბები

IRI – გამოკითხულთა 78% მხარს არ უჭერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლას

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 78% მხარს არ უჭერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლას, ისევე როგორც, ბიზნესის რეგისტრაციასა და ქონების შეძენას.

კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში თავისუფლად, უვიზოდ შემოსვლას გამოკითხულთა 14% ემხრობა, 8% – რუსებისთვის ბიზნესის რეგისტრაციას, ხოლო 5% რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ქონების შეძენას უჭერს მხარს.

რესპონდენტთა 4% -მა კითხვაზე პასუხი არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.