ახალი ამბები

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა – 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა ოდენობა თითქმის არ შემცირებულა.

„ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი – საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს.

„ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.