2023 წლიდან შშმ პირების სოციალური დახმარება გაიზრდება – კანონპროექტი
2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დახმარება იზრდება. პარლამენტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უკვე მსჯელობს.
კანონპროექტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური პაკეტი 65 ლარით იზრდება. სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა კი 35 ლარით მოიმატებს.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი იქნება, სოციალური პაკეტის ზრდაც შედარებით ნაკლები იქნება, რაც ინდექსაციის პრინციპს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობა მინიმუმ 25 ლარით, ხოლო ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების 20 ლარით გაიზრდება.
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სოციალური პაკეტი გაზრდილი: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის – ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა დაახლოებით 132 000 პირს შეეხება, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100-დან 419 ლარამდე მერყეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში მთავრობის მიერაა ინიცირებული.