ახალი ამბები

არზუ ჯალალოვა- კაბლის თემში მწვავე პრობლემებია, რომელიც მოსაგვარებელია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები 19 წლის აქტიური მოქალაქე არზუ ჯალალოვა თემში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს.

მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კი ნაადრევი ქორწინებაა, რის გამოც ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ.

,,ჩემს თემში ძალიან ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთია ნაადრევი ქორწინება. ამის გამო ახალგაზრდები განათლებას ვერ იღებენ. პატარები ქორწინდებიან მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული რისთვის დაიბადნენ. ჩემი აზრით, სკოლის დამთავრება არ უნდა გულისხმობდეს აუცილებლად გათხოვებას. სკოლის დასასრული ახალი ცხოვრების დასაწყისია, სადაც უნდა შექმნა, განვითარდე, გაიაზრო რა გინდა და რა უნდა შეცვალო შენს თემში. სამწუხაროა, როდესაც გოგონებს გასათხოვარ ნივთად უყურებენ. ეს ჩემთვის აუტანელი რამ არის.

მინდა გოგონები უფრო ძლიერები დავინახო, მინდა ვნახო თუ როგორ შრომობენ და იცავენ საკუთარ უფლებებს. მინდა გაიაზრონ, რომ კანონი არ განსაზღრავს ქალის უფლებებს ცალკე, რადგან ყველას დაბადებიდან თანაბარი უფლებები აქვს. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ დაფიქრდნენ და დააყენონ პირველ ადგილზე საკუთარი თავი. არ უნდათ გათხოვება ? აიძულებენ ? უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც ქალის უფლებებს იცავს. მათ შეუძლიათ მასწავლებელსაც შეატყობინონ და ამას აუცილებლად ექნება შედეგი. მინდა ერთ დღეს გავიღვიძო და არ მესმოდეს ნაადრევი ქორწინების და სხვა პრობლემების შესახებ. ყველა იმსახურებს თავისუფლებას ისევე, როგორც საქართველო. მინდა გავიღვიძო ერთ დღეს გამთლიანებულ საქართველოში, მინდა დავინახო ჩემს გარშემო უფრო მეტი ძლიერი ქალი, რადგან ჩვენ, უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია”,- განაცხადა არზუ ჯალალოვამ Knews.ge-სთან საუბრისას.

არზუ აცხადებს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს დღეს ბევრი შესაძლებლობები აქვთ. ის ასევე განმარტავს, რომ წლების განმავლობაში სოფელში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა უფრო მეტი ქალი სწავლობს, მეტი გოგონა აქტიურობს და მეტი ახალგაზრდა იღებს შესაბამის განათლებას.

,,სოფელი კაბალი დიდ ფართობზეა გაშლილი და დაახლოებით 20 ათასი მოსახლე ჰყავს. როგორც ყველა სოფელში, ისე კაბალშიც შევხვდებით გარკვეულ პრობლემებს. განსაკუთრებით მწვავე პრობლემები სოფელს წინა წლებში ჰქონდა. მიხარია ახლა მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა, განვითარება, ძლიერი ქალების ხილვა. ძალიან მიხარია, როდესაც უფრო მეტ აბიტურიენტ აზერბაიჯანელ გოგონას ვხედავ. ბევრი მშობელი ცდილობს, შვილები ქართულ სკოლაში მიიყვანოს, რათა უფრო კარგად ისწავლონ მათმა შვილებმა სახელმწიფო ენა და მომავალშიც უმაღლესი განათლების მიღება უფრო ადვილი იყოს მათთვის. წინა წლებში, განათლების მიღება იყო ძალიან რთული. ამას ხელს თბილისის სიშორეც უშლიდა. ძირითადად გოგოებისთვის, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდა ეს სიშორე და აქედან გამომდინარე, წლების წინ, უმეტესობას მხოლოდ კახეთის ტერიტორიის მიმდებარე სასწავლებლებში უშვებდნენ (თელავში, წნორში და ა. შ.), რომ უმაღლესი განათლება მიეღოთ. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. გზის სიშორე აღარ გვიშლის ხელს გოგონებს, რომ ვიაროთ შორს. პირიქით, ჩვენი მიზანია, უმაღლესი განათლება მივიღოთ, ვიყოთ გამორჩეულები და სამაგალითო გოგოები ჩვენს სოფელში.

ჩემი ერთ-ერთი ოცნება ალბათ ის იქნება, რომ გაიზარდოს ჩემს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივი უმაღლესი განათლების მისაღებად. მინდა, იცოდნენ: გოგოები მარტო ოჯახის შექმნისთვის არ იბადებიან, და რომ მათ ხელშია მათი ცხოვრება. ამ ცხოვრებაში ისინი არიან მთავარი აქტორები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საკუთარ თავს პოულობ და ხვდები, რომ სიცოცხლე ჯერ წინ არის და 18 წელი სულაც არ ნიშნავს ახალგაზრდობის დასრულებას და ოჯახის შექმნას. პირიქით, ეს გულისხმობს იმას, რომ შენ გაქვს შენი უფლებები. ეძიე, დაიცავი საკუთარი უფლებები! იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩვენი გოგონები მართლა მიხვდებიან, თუ რა არის ბედნიერება და საკუთარი თავის აღმოჩენა”,-აცხადებს არზუ.

ახალგაზრდა აცხადებს, რომ სხვადასხვა პროექტებში მოხალისეობრივად იღებს მონაწილეობას და ის სხვა ახალგაზრდებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. არზუ ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მათ უნარების გაძლიერებასა და განვითარებაში ეხმარებათ.
მან სოფელში სწავლის დასრულების შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. ის ახლა მეორე კურსის სტუდენტია და სამართალს სწავლობს.

,,ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ვარ სამართლიანი პიროვნება, არასდროს შემიძლია ტყუილის თქმა. აქედან გამომდინარე, ეს განხრა ზუსტად მე შემეფერება. მიყვარს სამართლიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით, რაშიც მონაწილეობა მივიღე, ვიყავი ბერლინში და ეს ამ ზაფხულს ჩემი უდიდესი მონაპოვარი იყო. ძალიან იშვიათია ჩემს თემში ვინმე, მითუმეტეს გოგო, ასეთ პროგრამებში იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ მე არზუ ჯალალოვა ვარ ცვლილებებისთვის შექმნილი ახალგაზრდა და სხვებისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყავი.

გავბედე და დღემდე მიხარია, რომ ზაფხული უბრალოდ სახლში ჯდომით არ გამიტარებია, პირიქით, მოგონებებს კიდევ უფრო ლამაზი მოგონებები დავამატე. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გავიცანი უკრაინელი ახალგაზრდები პირველად, დავმეგობრდით, საერთო ინტერესები ვნახეთ და დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. საუკეთესო გარემო, საუკეთესო ადამიანებთან და საუკეთესო ორგანიზაცია იყო. დღეს ძალიან თავდაჯერებული ვარ”,- განაცხადა არზუ ჯალალოვამ Knews.ge-სთან საუბრისას.