ახალი ამბები

როდის ამოქმედდება კახეთში საფლავების მოვლის გაციფრულების სერვისი

სულ მალე კახეთში საფლავების გაციფრულების პროექტი ამოქმედდება, რომელიც ჯერ კახეთის რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

იდეის ერთ-ერთი ინიციატორის, მარიამ ოსიაშვილის თქმით, ეს იქნება ციფრული ვებ -პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ ახლობლების საფლავები ჰქონდეს მუდმივად მოვლილი, და ამასთან, ვერ ახერხებენ მათზე ზრუნვას დროის სიმცირის, ასაკის, მანძილის თუ, ტრანსპორტის უქონლობის გამო.
მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების შექმნა, რომლის დასრულების შემდეგაც მობილური ჯგუფები უკვე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში გასვლით საქმიანობას დაიწყებენ.

,,კომპანია ,,სადას” პლათფორმა იქნება მზად შემოდგომის დასასრულს და კახეთშიც დაიწყება საქმიანობა. ამ ეტაპზე იქმნება ბაზები, ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამოქმედო გეგმები იწერება. კახეთში საქმიანობის დაწყებისთანავე დავიწყებთ გასვლას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. ნოემბრიდან დავიწყებთ უკვე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სიარულს აქტიურად, ასევე შევარჩევთ ადგილზე მობილურ ჯგუფებს, იმ ადამიანებს ვისაც დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში. ჯამში კახეთში დასაქმდება 60 ადამიანი”,- განუცხადა Knews.ge-ს მარიამ ოსიაშვილმა.

აღნიშნული იდეის ავტორები კახეთში მცხოვრები 6 ახალგაზრდა: გიორგი ადუაშვილი, ნათია სააკაშვილი, თინათინ მაისურაძე, გიორგი მაისურაძე, ელენე მაისურაძე და მარიამ ოსიაშვილი არიან. ახალგაზრდებმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 30 000 ლარიანი გრანტი მიიღეს, რომელიც საქმიანობის დროულად დაწყებაში დაეხმარებათ.

,,კომპანია მხოლოდ კახეთის სრულად მოცვისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, შედეგად, კომპანია სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას პერმანენტულად აპირებს. სერვისის ფარგლებში გაიყიდება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტები, რომლის ტარიფებზეც მუშაობა (კალკულაცია) ახლა მიმდინარეობს”,- აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი მარიამ ოსიაშვილი.

მისი განცხადებით, სამომავლოდ, გეგმავენ ყვავილების მაღაზიებთან თანამშრომლობასაც. მათივე თქმით, იდეის დამუშავებამდე მათ ბაზრის კვლევა განახორციელეს.

„ბაზრის კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს. მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც მსუბუქ, ისე სიღრმისეულ დასუფთავებას. ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან ქვეყანაში და ქალაქში ან, უბრალოდ, არიან ძალიან დაკავებულები, შეეძლებათ ძალიან მარტივად გააკეთონ შეკვეთა, რომელსაც ჩვენი მობილური ჯგუფები შეასრულებენ. საბოლოოდ კი, დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც გადაეგზავნება“,-აცხადებს ოსიაშვილი.

იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნათია სააკაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, როდესაც დედა გარდაეცვალა, საფლავზე ხშირად უწევდა მისვლა, რა დროსაც მან აღმოაჩინა, რომ საფლავების დიდი ნაწილი დასასუფთავებელი იყო. აღნიშნული სერვისის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. მისი თქმით, მსგავსი სერვისი სხვა ქვეყნებში წარმატებით მუშაობს.