ახალი ამბები

დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს საქართველოსა და გვატემალას შორის მიმოსვლა უვიზოდ შეეძლებათ

დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს საქართველოსა და გვატემალას შორის მიმოსვლა უვიზოდ შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობის №498 დადგენილების მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2022 წლის 22 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.

დადგენილების მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გვატემალის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.