ახალი ამბები

არაა გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. თუმცა პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებამ მთავრობასთან ერთად უნდა მიიღოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ცალსახად გამოწვევაა, თუმცა არა – საფრთხე.

„საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ნამდვილად გამოწვევაა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. შემომსვლელებს შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, იმისთვის, რომ საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა.

ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში მიგრანტთა ნაკადი საკმაოდ გაიზარდა. რიგები იყო ლარსზეც.