მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო იქნება
მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება.
გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტის არსზე და მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ეს წესი თბილისის მასშტაბით 2019 წლიდან მოქმედებს და შედეგები უკვე სახეზეა. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს გამწვანების პროექტის, როგორც სამშენებლო ნებართვის განუყოფელ ნაწილად აღიარებას. კერძოდ, რეგლამენტირებული იქნება, რომ სამშენებლო პროექტს უნდა ახლდეს სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების დარგვას და მათ შემდგომ მოვლას“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა.