ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ მხარი დაუჭირა მზადყოფნას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი
ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროპისთვის აქტუალურ მრავალ საკითხს მოიცავს.
ვრცელ დოკუმენტში ვხვდებით ჩანაწერს, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ევროინტეგრაცია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, და – მზადყოფნას, მიენიჭოს ის [კანდიდატის სტატუსი] საქართველოს. მათი მომავალი ევროკავშირშია, და ჩვენ გვსურს ეს მოხდეს, რაც შეიძლება მალე, როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრების ყველა კრიტერიუმს, მათ შორის, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას”, – ვკითხულობთ PES-ის რეზოლუციაში.
14-15 ოქტომბერს კონგრესში მონაწილეობს ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის დამკვირვებელი წევრის, „ქართული ოცნების” დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა“, – რეზოლუციის შესახებ ირაკლი კობახიძის სიტყვებს ციტირებს „ქართული ოცნების” „ფეისბუკის” ოფიციალური გვერდი.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.