ახალი ამბებიგზა ევროპისკენვიდეორეპორტაჟი

ჯონ პენელი – აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი საქართველოში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პრობლემატიკაზე საუბრობს.

ჯონ პენელი აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია.

,,ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი”.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი სულ ცოტა ხნის წინათ დაინიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორად.

საკადრო დიპლომატი თბილისში ჩამოსვლამდე იმავე სააგენტოს ოფისს ლიბიაში ხელმძღვანელობდა 2019-2022 წლებში, ხოლო უფრო ადრე, 2015-2019 წლებში, უკრაინასა და ბელარუსში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილე იყო.

USAID მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს გაეროს ასოციაციის მედია პლატფორმა Civil.ge -ის ორგანიზებით.