ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმადაა დასახელებული
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული,- ინფორმაციას უკრაინული მედია საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელზე, მარია მეზენცევასა და დელეგაციის წევრზე ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.
გონჩარენკოს განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.
მარია მეზენცევას თქმით, რეზოლუციის ძირითადი პუნქტები მოიცავს: რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაგმობას და მის საერთაშორისო სამართლის დანაშაულად აღიარებას, უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურებას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის მიზნით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დაჩქარებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ორგანიზაციების რუსული აგენტებისგან გაწმენდას, გაერო-ში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებს.