ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოსამართლე მამუკა წიკლაურის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

ისინი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსფარანტებით „მოსამართლე წიკლაური მკვლელების მფარველი” მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
შეკრებილების განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან 2-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში22 წლის ახალგაზრდამ მარიამ გამტკიცულაშვილი ცივი იარაღით მოკლა. სასამართლოსთან შეკრებილები მოსამართლის გადადგომას, ხოლო დაკავებულის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

“დღეს მარიამის დაკრძალვაა, რომ არა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ის ცოცხალი იქნებოდა. ხომ იცოდა, რომ მოძალადე იყო, ხომ იცოდა, რომ ემუქრებოდა მარიამს, რის საფუძველზე გამოუშვა? ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. მკვლელის სამუდამო პატიმრობას და მოსამართლის წასვლას”, – აცხადებენ აქციის მონაწილები.

აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს. მარიამ ზურაბაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

“მოსამართლე ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეესწავლა საქმე და შეეფასებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მიზანშეწონლობა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი და მოსამართლეს უნდა შეეფარდებინა პატიმრობა, რაც უზრუნველყოფდა ქალის სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა ადვოკატმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გარდაცვლილის ოჯახი აქციებს აანონსებს. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 9 ოქტომბერს, თელავში, ალაზნის გამზირზე მოხდა. 22 წლის ბიჭმა 26 წლის ქალი მოკლა.