საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის ხელფასების გაზრდის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შევიდა
კანონის პროექტი, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
ცვლილება “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიღება 2023 წლიდან ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს.
კერძოდ, მიმდინარე წლის ფაქტიურად გაწეული ხარჯების მიხედვით გადაანგარიშებითა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული, არასახელმწიფო სექტორში ბოლო 4 კვარტალში ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდის მაჩვენებლის (14,2%) გათვალისწინებით, 2023 წლისათვის საბაზო თანამდებობრივი სარგო 7,1%-ით იზრდება და 1 180 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლიდან (შტატით გათვალისწინებული თანამდებობები) დამატებითი ხარჯი დაახლოებით 250,0 მლნ ლარი იქნება – მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი ხარჯი – 200,0 მლნ ლარი; მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების დამატებითი ხარჯი – 50,0 მლნ ლარი.
2024-2026 წლებში არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფონდი დამატებით გაიზრდება წლიურად საშუალოდ 250-300,0 მლნ ლარის ფარგლებში.
“არასახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არსებულ ხელფასებს მუდმივად აღემატებოდა. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 2006-2016 წლებში თანაბარი – 15%-იყო, ხოლო 2017 წლიდან, ფისკალური კონსოლიდაციის და შემდგომ პანდემიის გავლენით, სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
კერძოდ, 2017-2021 წლებში, ნომინალური ხელფასის საშუალო წლიურმა ზრდამ კერძო სექტორში 9% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სექტორში – მხოლოდ 5%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლიდან სხვაობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასებს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კერძოდ, თუ 2009-2016 წლებში სახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 88%-ს შეადგენდა, აღნიშნული მონაცემის საშუალო მაჩვენებელი 2017-2021 წლებში 78%-მდე შემცირდა, ხოლო უშუალოდ 2021 წელს 74% შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 16%-ით და 1 541 ლარს შეადგენს, თუმცა ზრდამ არასახელმწიფო სექტორში 16,8% შეადგინა (1 702 ლარი), ხოლო სახელმწიფო სექტორში, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდის მიუხედავად, საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდამ მხოლოდ 13% შეადგინა (1 254,9 ლარი)“, – ვკითხულობთ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში.