როდიდან გახდება ფასიანი თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
თელავის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება, თუმცა უახლოეს პერიოდში დაგეგმილია, რომ ავტობუსებით გადაადგილება ფასიანი გახდეს.
აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება თვითმმართველობამ უკვე მიიღო. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, უკვე დადგენილია მგზავრობის საფასური 1 ლარი, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, დადგენილია ასევე მოქალაქეების 16 სტატუსის ჩამონათვალი, რომლებიც შეღავათებით, 50 თეთრით ისარგებლებენ.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რითაც დავადგინეთ საფასურების პოლიტიკა. 16 ჩამონათვალია იმ ადამიანების სტატუსების მიხედვით, ვინც შეღავათიანი, 50 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებს. ჩვეულებრივად, მგზავრობის საფასური კი იქნება 1 ლარი.
გარდა ამისა, ვგეგმავთ შემოვიღოთ ბონუსური სისტემა, სადაც მოქალაქეებს მგზავრობის 1 თვიანი პაკეტის ყიდვა შეეძლებათ. ეს ჯერ დამუშავების პროცესშია, ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით იქნება. მოხდება ბარათების დამზადება და გაყიდვა.
მგზავრობის გადასახადის ამოქმედება უახლოეს თვეებში არ იგეგმება. ესეც მოსახლეობისთვის შეღავათია. ჩვენ კონტრაქტორთან, რომელიც უზრუნველყოფს საბარათო სისტემით მომსახურებას, ვაფორმებთ უკვე ხელშეკრულებას. ძირითადად, ტექნიკური ხასიათის საკითხებია მოსაგვარებელი: ეს არის ბართის წამკითხველის, ბარათის პროგრამის საკითხების მოგვარება. ასევე ვგეგმავთ ტაბლოების განთავსებას, სადაც იქნება აღნიშნული , რომელი ავტობუსი მოდის კონკრეტულ ადგილზე, რამდენი წუთით იგვიანებს და სხვა. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ამ სამუშაოებს დავასრულებთ და ახალი წლიდან უკვე შეიძლება ფასიანი გახდეს. ფასის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას, მოსახლეობას გონივრულ დროში მივაწვდით”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.