სექტემბერში რუსეთიდან ვიზიტების რიცხვმა პანდემიამდელ პერიოდსაც გადააჭარბა
2022 წლის სექტემბერში საქართველოში 559 887 ვიზიტი განხორციელდა.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 147%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით 28.6%-ით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, სექტემბერში აღდგენის მაჩვენებელი 71.4%-ს შეადგენს.
სექტემბერში ყველაზე მეტი 163 192 ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა. წლიური ზრდა 392.4%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 11%-ია. შემდეგ 83 603 ვიზიტით სომხეთი მოდის, სადაც წლიური ზრდა 360% იყო, თუმცა 2019 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.
ვიზიტების კუთხით მესამე ადგილზეა [81 790 ვიზიტი] თურქეთი; მე-4 ადგილს კი 24 050 ვიზიტით ისრაელი იკავებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა 19 644 ვიზიტით ბელარუსი. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 39 563 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 59%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 45%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.
აზერბაიჯანიდან ვიზიტები სექტემბერში 2019 წელთან შედარებით თითქმის 90%-ით არის შემცირებული. სექტემბერში აზერბაიჯანიდან 14 812 ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 145 482 იყო.