დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია – სახელმწიფო მდივნის მოადგილე
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკინსის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს ელჩზე, კელი დეგნანზე პერსონალური თავდასხმები აშშ-სთვის შემაშფოთებელი იყო.
ამას გარდა, ბონი ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩზე თავდასხმა ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რაც ევროპაშია შექმნილი.
“ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩზე და მთლიანად საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის შესახებ – კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვცნობთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთად უნდა დავდგეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის”, – აცხადებს ბონი ჯენკინსი.
ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მსგავსად, პარტიის სხვა წევრებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა. ამას წინ უძღოდა განცხადებები ე.წ მეორე ფრონტის გახსნასა და ომში საქართველოს ჩართვაზე. “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც ახალი პარტია “ხალხის ძალა” დააფუძნეს, არაერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე მიანიშნეს.