თელავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საინფორმაციო დაფები და ახალი გაჩერებები მოეწყობა
უახლოეს პერიოდში, თელავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის, ახალი გაჩერებები და საინფორმაციო დაფები მოეწყობა, არსებულ მარშრუტებს კი ახალი დაემატება.
აღნიშნულ საკითხზე Knews.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა.
,,ამ მიმართულებით არის გამოწვევები, მაგალითად, ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ხარვეზებით არის დახაზული, რაც რიგ პრობლემებს იწვევს. შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ეტაპობრივად. ასევე ვგეგმავთ ახალი გაჩერებების და მარშრუტების დამატებასაც. გარდა ამისა, ასევე ვგეგმავთ ეკრანების და ტაბლოების განთავსებას, სადაც იქნება აღნიშნული რომელი ავტობუსი მოდის, რამდენი წუთით იგვიანებს და სხვა. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ახალი წლიდან უკვე ფასიანი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.