ახალი ამბები

საქართველოში 10 წლის განმავლობაში, სუროგაციის გზით, 4026 ბავშვი დაიბადა

2012 წლის 10 აპრილიდან 2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში სუროგაციის გზით 4026 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც უწყების მიერ სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი ბავშვი სუროგაციის გზით საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ სტატისტიკას, 2022 წლის იანვრიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სუროგაციის გზით 446 ბავშვი გაჩნდა; 2021 წელს – 312, 2020 წელს – 819; 2019 წელს – 601; 2018 წელს – 504; 2017 წელს – 424; 2016 წელს – 329; 2015 წელს – 250; 2014 წელს – 207; 2013 წელს – 99, ხოლო 2012 წელს – 35.

2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული სუროგაციის გზით გაჩენილი 182 ბავშვი ჩინეთის მოქალაქეების შვილები არიან. 214 ბავშვის მშობლები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ; 33 ბავშვის მშობლად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან რეგისტრირებული, 32 – ესპანეთი; 23-თურქეთი; 82 – საქართველო; 14-შვედეთი, ხოლო 20 ბავშვის მშობლები აშშ-ს მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი 31 ბავშვის მშობლების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.

რაც შეეხება 2021 წელს, საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი 312 ბავშვიდან 27-ის მშობლის მოქალაქეობა მითითებული არ არის. ამ წელს ყველაზე მეტი ბავშვი საქართველოში სუროგაციის გზით ისრაელის და საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ (101 -ისრაელი. 101 – საქართველო). ასევე, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი 49 ბავშვის მშობლების მოქალაქეობად ჩინეთია დაფიქსირებული.

2022 წელს – აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოში სუროგაციის გზით 10 ბავშვი გაუჩნდათ; ისრაელის მოქალაქეებს – 123, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს -11; ავსტრალიის მოქალაქეებს – 6; ესპანეთის მოქალაქეებს – 21; თურქეთის მოქალაქეებს – 16; კანადის მოქალაქეებს – 6; 32 ბავშვის მშობლების მოქალაქეობა კი რეგისტრაციის დოკუმენტებში მითითებული არ არის.

2022 წელს საქართველოში სუროგაციის გზით საქართველოში შვილები გაუჩნდათ ბანგლადეშის, ბულგარეთის, გერმანიის, ავსტრალიის, ავსტრიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის, აშშ-ს, ვენესუელას, ლიეტუვის, კვიპროსის, მავრიკის, მოლდოვას, ნიდერლანდების, ესტონეთისა და ესპანეთის მოქალაქეებს.