დადგენილი წესის დარღვევით, ციმციმა სიგნალების გამოყენება 200-ის ნაცვლად 2 000 ლარით დაჯარიმდება
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ხმაურის რეგულირების საკითხს, დამუქებული მინებისა და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას შეეხება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით 50-ის ნაცვლად, ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.