ე.წ. დრიფტი ნაწილობრივ იკრძალება
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდასთან ერთად, ხმაურის რეგულირების საკითხსაც შეეხება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხმაურის დასაშვები დონე ერთი მხრივ, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მეორე მხრივ კი, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. მართვის მოწმობის ქულებს, კი 10 ქულა დააკლდება.
ცვლილება შეეხება ე.წ. დრიფტების აკრძალვას. კერძოდ, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას.
თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.